logo
ENG



თამლიანის ოჯახი და ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო პოლიტიკურ ტყვეობაშია

13 მარ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

ოცი ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და 1000 ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

დაკავებული თამლიანის ოჯახი და ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო პოლიტიკურ ტყვეობაშია. ბესიკ თამლიანი ერთ-ერთია იმ ბრალდებულთაგან, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად აღიარებს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ულტიმატუმს უყენებს.

ბესიკ თამლიანის ადვოკატის თქმით, ბრალდების მოწმეები უკვე დაიკითხნენ და მათზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობს, ისევე როგორც თამლიანის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და ქვეყნიდან მიმალვის რისკები. თამლიანის ოჯახის წევრები ამბობენ,რომ ის ქართული ოცნების პოლიტპატიმარია.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაყენებამდე პროკურატურამ მტკიცებულებები გამოიკვლია. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული ბესიკ თამლიანი არ ჩანს. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ პოლიტიკოსები, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ. ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან თვეობით მართავდნენ და შეთანხმებისთვის სავალდებულო ერთ-ერთ კომპონენტად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებდნენ, დღეს ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალი არ არის. იმისთვის, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. 

ბესიკ თამლიანი 8 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მას პატიმრობის ვადა 4 აპრილს ეწურება.


close დახურვა